Accentnews.ge
ტიკარაძე: „დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რისკი იმისა, რომ არ დაიწყოს სწავლა, არ არსებობს“

ტიკარაძე: „დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რისკი იმისა, რომ არ დაიწყოს სწავლა, არ არსებობს“

16/07/2020 19:18:29 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განხადებით, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რისკი იმისა, რომ გაიცეს რეკომენდაცია და არ დაიწყოს სწავლა, არ არსებობს.

„სკოლებთან დაკავშირებით ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან ერთად. განათლების სამინისტრო თავის მხრივ მუშაობს სასწავლო დაწესებულებებთან ერთად. დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე რისკი იმის, რომ ჩვენ გავცეთ რეკომენდაცია და არ დაიწყოს სწავლა, ეს არ არსებობს. თუმცა მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ იმ ვითარებას, რა იქნება შემოდგომაზე და უკვე კონკრეტულად სწავლის დაწყების თარიღისთვის მივიღოთ დამატებითი გადაწყვეტილებები, გაგრძელდება ეს სრულიად ონლაინ რეჟიმში, იქნება ეს ჰიბრიდული სწავლების რეჟიმი, თუ ჩვენ შევძლებთ უკვე დავიწყოთ ჩვენი მოსწავლეებისთვის ჩვეულებრივ რეჟიმში სწავლის მიწოდება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს დაფიქსირდა კორონავირუსის ორი შემთხვევა, სადაც არ ვიცით წყარო, საქართველოში ეპიდსიტუაცია დამაკმაყოფილებელია:

„ჩვენთვის ცნობილია, რომ წყაროების დადგენას სჭირდება გარკვეული დრო. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გვაქვს იმის რესურსი, რომ მოხდეს წყაროს დადგენა. ის, რომ საქართველოში ვირუსი არ ფიქსირდება, ამის თქმა, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია, ვინაიდან გვაქვს 108 აქტიური შემთხვევა. ჯერ კიდევ, თუნდაც საზღვრიდან შემოსული მძღოლების შემთხვევაში, გყავს დაავადებული ადამიანების გარკვეული რიცხვი. აქედან გამომდინარე, ვრჩებით რეჟიმში, როდესაც ვაკვირდებით და გვაქვს მუდმივი მონიტორინგი ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით“.

მისივე თქმით, „ამ მონაცემების მიხედვით, რისკი იმისა, რომ საქართველოში მეორე ტალღა განვითარდეს, არ არის“.

„თუმცა, ვირუსის თვისებიდან გამომდინარე და გამომდინარე იქიდან, თუ რა ეპიდვითარებაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებსა და ასევე მსოფლიოში, რა თქმა უნდა, იმის რისკი, რომ შეიძლება საქართველოშიც გვქონდეს ვირუსის რისკის ზრდა, ჩვენ გვაქვს. შესაბამისად, ამისთვის ვამზადებთ ჰოსპიტალურ სექტორს. ვაძლიერებთ მას იმისთვის, რომ შეძლონ ვირუსის და პაციენტების შესაბამისი მართვა“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის: ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1006 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 883 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S