ორი ახალი პაციენტის COVID-19–ით ინფიცირების წყარო უცნობია
16/07/2020 07:53:36 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავურუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი შემოტანილია, ხოლო ორის ინფიცირების წყარო უცნობია და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა წარმოებს.
რაც შეეხება შემოტანილ შემთხვევას, ეზუგბაიას თქმით, საუბარია სატვირთო ავტომობილის მძღოლზე.
მისივე მონაცემებით, სადღეისოდ კოვიდ-ცენტრებში 136 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, ორი პაციენტი კი თურქეთში – საკუთარ ქვეყანაში გადაიყვანეს.
ცნობისთვის: ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1006 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 883 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა.


