ბელგიამ შეზღუდვების შემსუბუქება გადადო
15/07/2020 16:33:06 მსოფლიო
კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების მკვეთრი მატების გამო ბელგიამ შეზღუდვების შემსუბუქება გადადო.
"ბოლო მონაცემებით, ინფიცირების ახალი შემთხვევები 5 ივლისიდან 11 ივლისამდე პერიოდში 8%-ით გაიზარდა, წინა კვირასთან შედარებით. პანდემია შეზღუდულად, მაგრამ კვლავ იძენს იმპულსს. დღევანდელი ტენდენცია არ არის კარგი. შევხედავთ მომდევნო კვირაში რა მოხდება და რა თქმა უნდა, თუკი ისევ ცუდი ტენდენცია იქნება, ჩვენ არ გადავალთ კორონავირუსის ზომების შემსუბუქების მე-5 ფაზაზე", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სოფი ვილმესმა.
ამასთან იგი, კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში კარანტინის ხელახლა შემოღებას არ გამორიცხავს.
მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ახალგაზრდების ჯგუფშია, შესაბამისად ღამის კლუბებსა და მსგავს ფართო გავრცელების ადგილებთან დაკავშირებით აკრძალვა კვლავ ძალაში რჩება.
ბელგიაში კორონავირუსის სულ 62 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი და კოვიდ-19-ს 10 000-მდე პაციენტი ემსხვერპლა.


