"მოდერნას" ვაქცინის პირველადმა ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა
15/07/2020 14:40:06 საზოგადოება
ამერიკული კომპანია "მოდერნას" მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის პირველადმა ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა.
კომპანიის დირექტორის სტეფან ბანსელის განცხადებით, "ცდის შედეგები იმედისმომცემია და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს".
როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ვაქცინის მიღების შემდეგ 45–ვე მოხალისეში წარმოიქმნა ანტისხეულები, რომლებმაც ვირუსს ძლიერი იმუნური პასუხი გასცეს".
ვაქცინის დასკვნითი გამოცდა ივლისის ბოლოდან დაიწყება და ცდაში მონაწილეობას 30 000–ზე მეტი ადამიანი მიიღებს.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ცდის ბოლო ეტაპის შედეგად მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღებენ პასუხს ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის თაობაზე.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 581 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 460 000–ს გადააჭარბა, 7 856 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1003-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 873 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


