სალომე ზურაბიშვილი: „რელიგიურ ტურიზმს უნდა მივხედოთ“
15/07/2020 08:13:35 საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო რელიგიური ტურიზმის ერთერთი "უდიდესი ადგილი" უნდა გახდეს და ამაზე ტურიზმის სააგენტომ და საპატრიარქომ უნდა იმუშაონ.
"მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს. ეს არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც უნდა მოვიდნენ არა მხოლოდ ქართველი მომლოცველები, არამედ უცხოელებიც და არა მხოლოდ ეს ადგილი ... ჩვენ გვაქვს არაერთი წმინდა ადგილი საქართველოში. საქართველო უნდა გახდეს ერთერთი უდიდესი რელიგიური ტურიზმის ადგილი. ამაზე უნდა იმუშაოს ჩვენმა ტურიზმის სააგენტომ, საპატრიარქომ, ჩემი ყველანაირი მხარდაჭერით, რაც საჭირო იქნება," - განაცხადა პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ზუგდიდში, სადაც ვლაქერნობის დღესასწაულზე იმყოფება.
სალომე ზურაბიშვილმა ადამიანებს წმინდა ადგილების მონახულებისა და მოლოცვისკენაც მოუწოდა:
"ალბათ ზუგდიდი და მცხეთა არის ის ორი წმინდა ადგილი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა მოინახულოს და მოილოცოს. ვისურვებდი და მოვუწოდებდი ყველას, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაესწრონ ვლაქერნობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღვთისმშობლის კვართი არის ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე, რომელიც ასევე გვაერთიანებს აფხაზეთთან," - თქვა მან.


