"ბოლო 4 კვირის განმავლობაში შემოტანილი შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი წყარო ტრაილერის მძღოლები არიან"
13/07/2020 14:14:44 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ბოლო 4 კვირის განმავლობაში შემოტანილი შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი წყარო ტრაილერის მძღოლები არიან".
"დაახლოებით 40 ათასამდე „სწრაფი ტესტი“ აქვთ მძღოლებს ჩატარებული და ამ 40 ათასიდან მოგეხსენებათ, სადაც საეჭვო და დადებითია, ისინი PCR ტესტით მოწმდებიან და 63 მძღოლს დაუდასტურდა კოვიდ–ინფექცია. ბოლო 4 კვირის განმავლობაში შემოტანილი შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ ტრაილერის მძღოლები გახლავთ. თითოეული მათგანის სწრაფი იდენტიფიცირება ხდება. ინფექციის შემდგომი გავრცელების საშუალება არ მიეცათ და ვიტყოდი, რომ ამ სისტემამ საკმაოდ კარგად იმუშავა. როგორც გითხარით, 63 მძღოლია და ეს საკმაოდ დაბალი პროცენტია იმ მძღოლების, რომლებსაც ყოველდღიურად საქართველოში ტვირთი შემოაქვთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.
დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 995-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


