განისაზღვრა, რამდენი ადამიანის თავშეყრაა ნებადართული ღია სივრცეში გასამართ ღონისძებაზე
13/07/2020 09:10:42 საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად და ღია სივრცეში გამართული კულტურული ღონისძიებების აუდიტორია არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრება.
ამასთან, საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ნებადართული გახდეს დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, აქტიურად ხორციელდება რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც.
დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა მიიღო 1000-მა სასტუმრომ და რამდენიმე ათეულმა აუზმა და სპორტდარბაზმა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს.


