თურქეთის სახელმწიფო საბჭომ აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი გააუქმა
10/07/2020 13:43:03 მსოფლიო
თურქეთის სახელმწიფო საბჭომ აია–სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა. შედეგად, მომზადდა საფუძველი, რომ ტაძარი მეჩეთად გადაკეთდეს.
თურქი ნაციონალისტები და კონსერვატორები მუზეუმის მეჩეთად გადაკეთებას ითხოვენ. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმაც გააკეთა, თუმცა რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აცხადებდა, რომ ხელისუფლება საბჭოს გადაწყვეტილებას დაელოდებოდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თურქეთს მოუწოდა, სტამბოლში წმინდა სოფიას ტაძარი მეჩეთად არ გადაკეთდეს. გუშინ აღნიშნულ საკითხს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "აია-სოფიას მეჩეთად ქცევა ქრისტიანულ სამყაროს ისლამის წინააღმდეგ განაწყობს".
მოგვიანებით ანკარა პომპეოს განცხადებას გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა:
"შოკირებული ვართ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აია-სოფიას შესახებ გაკეთებული განცხადებით, აია-სოფია ჩვენს ტერიტორიაზე მდებარეობს და თურქეთის საკუთრებაა. აია-სოფია ჩვენს მიწაზე მდებარეობს და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი თურქეთის შიდა საქმეა. აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა არავის აქვს უფლება, ჩვენს სუვერენულ უფლებებზე „მოვუწოდებთ, მოვითხოვთ“ ენით გველაპარაკოს".
ცნობისათვის: წმ. სოფიას ტაძარი ბიზანტიის ცენტრის, კონსტანტინეპოლის [ამჟამად ქალაქი სტამბოლი] მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი იყო. ბიზანტიის იმპერიის დაცემის და ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ, იგი მუსლიმურ სალოცავად გადააკეთეს და ოთხი მინარეთი მიაშენეს.
1934 წელს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე, „აია სოფია“ მუზეუმი გახდა. კომპლექსი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.


