როგორია COVID-19–ით დაინფიცირებული ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა – ეზუგბაიას კომენტარი
10/07/2020 07:48:13 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ავღანეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 28-ვე ქართველი სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არც ერთთან გართულებები არ შეინიშნება.
„28 სამხედრო პირი იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ ჩაუტარდათ კვლევები და ჩემი მონაცემებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია, გართულებები არც ერთთან არ შეინიშნება და დავაკვირდებით დინამიკაში”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის: საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ავღანეთში როტაციით მყოფი კონტინგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურეს ტესტირებისას კოვიდვირუსი დაუდასტურდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს. მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფებიდან.


