საქართველოს საპატრიარქო: "თუ აია-სოფია ნეიტრალურ სივრცედ დარჩება, ბრძნული ნაბიჯი იქნება"
09/07/2020 11:34:43 საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ "თუ აია-სოფია ნეიტრალურ სივრცედ დარჩება, ბრძნული ნაბიჯი იქნება".
“ცნობილია ისიც, რომ თურქეთის მხარის ეს განაცხადი გარკვეულმა მიზეზებმა განაპირობა, თუმცა, ახლა, როდესაც კაცობრიობა არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას; ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება.
პატივს ვცემთ რა თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ვიმედოვნებთ, რომ ეს დამოკიდებულება მეგობარი სახელმწიფოს მიერ აღქმული იქნება არა როგორც მის შიდა საქმეებში ჩარევად, არამედ ჩვენი, როგორც ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსაზრებად და გულისტკივილის გამოხატულებად”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქო იმედს გამოთქვამს, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები კვლავაც გაღრმავდება, “რაც ფრიად სასიკეთო იქნება ორივე ქვეყნისათვის”.
შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს თურქეთის „სახელმწიფო საბჭომ“ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე გადაწყვეტილების მიღება გადადო.
თურქი ნაციონალისტები და კონსერვატორები მუზეუმის მეჩეთად გადაკეთებას ითხოვენ. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმაც გააკეთა, თუმცა რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ხელისუფლება საბჭოს გადაწყვეტილებას დაელოდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თურქეთს მოუწოდა, სტამბოლში წმინდა სოფიას ტაძარი მეჩეთად არ გადაკეთდეს. გუშინ აღნიშნულ საკითხს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "აია-სოფიას მეჩეთად ქცევა ქრისტიანულ სამყაროს ისლამის წინააღმდეგ განაწყობს".
მოგვიანებით ანკარა პომპეოს განცხადებას გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა:
"შოკირებული ვართ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აია-სოფიას შესახებ გაკეთებული განცხადებით, აია-სოფია ჩვენს ტერიტორიაზე მდებარეობს და თურქეთის საკუთრებაა. აია-სოფია ჩვენს მიწაზე მდებარეობს და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი თურქეთის შიდა საქმეა. აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა არავის აქვს უფლება, ჩვენს სუვერენულ უფლებებზე „მოვუწოდებთ, მოვითხოვთ“ ენით გველაპარაკოს".
ცნობისათვის: წმ. სოფიას ტაძარი ბიზანტიის ცენტრის, კონსტანტინეპოლის [ამჟამად ქალაქი სტამბოლი] მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი იყო. ბიზანტიის იმპერიის დაცემის და ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ, იგი მუსლიმურ სალოცავად გადააკეთეს და ოთხი მინარეთი მიაშენეს.
1934 წელს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე, „აია სოფია“ მუზეუმი გახდა. კომპლექსი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.


