გამყრელიძე – ცოფის შემთხვევებზე: "ცოტა განგაშის ზარია შემოსაკრავი"
08/07/2020 16:09:37 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ წელს საქართველოში ადამიანში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ვინაიდან ვირუსი ცხოველებში გამოვლინდა, კონტროლის გააქტიურება საჭიროა.
„სამწუხაროდ, შარშან ადამიანში ცოფის ერთი შემთხვევა გვქონდა, რომელიც ჩვენს მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო შემოტანილი. შარშანწინ გვქონდა ორი, იმის წინ 2015-16-17-ში არც ერთი შემთხვევა არ გვქონია და ძალიან დიდი მიღწევა იყო. მადლობას ვუხდიდი ჩვენს კოლეგებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ძალიან სერიოზული როლი ითამაშა მაშინ ამ საკითხში, როგორც მთელმა სისტემამ.
წელს ადამიანში ჰიდროფობიის არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს, მაგრამ ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ ცოტა განგაშის ზარი შემოსაკრავია, რადგან ქუჩაში – ძაღლებში , თბილისში გამოჩნდა ცოფის შემთხვევები“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, რომ ცხოველებში ცოფის შემთხვევები თბილისში და საქართველოს სხვა ტერიტორიაზეც ყოველწლიურად რეგისტრირდებოდა.
„როცა წერენ, რომ თბილისში უკანასკნელ პერიოდში გამოვლინდა, მანამდე წლების განმავლობაში ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, ასე არ იყო: თბილისში, ისევე როგორც დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოველწლიურად რეგისტრირდებოდა ცოფის შემთხვევები ცხოველებში, თუმცა ამას თან ერთვის დიდი სამუშაო“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
აღინიშნა, რომ საკითხის ირგვლივ ახალი განკარგულება მომზადდა.


