დედაქალაქის მერია ვერის ბაღის და თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას იწყებს
08/07/2020 07:51:49 საზოგადოება
დედაქალაქის მერია ვერის ბაღის და თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
რაც შეეხება კიკვიძის პარკს, როგორც კალაძემ აღნიშნა, პარკი მომავალ კვირას გაიხსნება.
„იცით, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციას ვაპირებთ და წლის ბოლოს სამუშაოები დაიწყება. მინდა, მაია ბითაძეს დავავალო დაიწყოს მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ შევძლოთ ვერის ბაღის პროექტის განხორციელება. ჯერ პროექტის დამუშავება და შემდგომ უშუალოდ სამუშაოების წარმოება, ასევე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის. უნდა მოხდეს მათი რეაბილიტაცია. ვერის ბაღი, რომელიც ქალაქის უძველესი და ისტორიული სარეკრეაციო სივრცეა, აუცილებლად საჭიროებს სრულ განახლებას. რეაბილიტაციისთვის წინასაპროექტო კვლევა და დიზაინ პროექტია საჭირო, ასევე საჭიროა თანხები.
რაც შეეხება დენდროლოგიურ პარკს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზოოპარკთან ახლოს არის 150 ჰექტარზე გადაჭიმული, აქაც შესაძლებელია საქალაქო დონის პარკის გაკეთება, სადაც ყველა რაიონიდან ექნებათ ადამიანებს შესაძლებლობა მოვიდნენ და დაისვენონ. გავაკეთოთ საპიკნიკე ადგილები, გასართობი ზონები, ყველაფერი, რაც კი თანამედროვეობასთან არის დაკავშირებული. განვითარებული ქვეყნები როგორც აკეთებს პარკებს, ასეთი მასშტაბის სამუშაოები უნდა იყოს წარმოებული. რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს თანხები მოძიებული“, - განაცხადა კალაძემ.


