გაერო-ს გამომძიებლებმა იდლიბში რუსეთისა და სირიის ქმედებები სამხედრო დანაშაულს გაუთანაბრეს
07/07/2020 20:31:57 მსოფლიო
სირიის სამთავრობო ძალები რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მხარდაჭერით სისტემატურად ახორციელებდა დარტყმებს ამბოხებულების მიერ კონტროლირებად იდლიბში ათობით საავადმყოფოზე, სკოლებსა და ბაზრებზე,- ნათქვამია გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს საგამოძიებო კომისიის ანგარიშში, რომელშიც 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის ივნისამდე პერიოდში განხორციელებული ქმედებებია გაანალიზებული.
ანგარიშის თანახმად, სირიის სამთავრობო ძალები დარტყმებს ახორციელებდნენ ხმელეთიდან, ჰაერიდან და იყენებდნენ კასეტურ ბომბებსაც, რაც სამხედრო დანაშაულის ტოლფასია, მილიონამდე ადამიანი კი დევნილად იქცა.
გამომძიებელთა მიერ შესწავლილი ფაქტები მეტყველებს, რომ სამედიცინო ობიექტებზე დარტყმები სირიის მთავრობის სტრატეგიის ნაწილია. დოკუმენტში საუბარია იანვრის ბოლოს საავადმყოფოს მახლობლად განხორციელებულ ავიაიერიშზე, რაზეც საგამოძიებო კომისიამ რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა. აღნიშნული საჰაერო თავდასხმის შედეგად 14 მშვიდობიანი მცხოვრები გარდაიცვალა, მათ შორის ხუთი ბავშვი და ხუთი ქალი, ათობით პირი კი დაშავდა.
გაერო-ს საგამოძიებო კომისიის მიერ წარდგენილ ანგარიშში საუბარია ისლამისტი მებრძოლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, რომლებიც ასევე სამხედრო დანაშაულებთან არის გათანაბრებული.


