კრემლი დიდ ბრიტანეთს საპასუხო ზომებით ემუქრება
07/07/2020 11:32:14 მსოფლიო
კრემლი დიდ ბრიტანეთის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციებს დაწესებას "არამეგობრულ ნაბიჯად" აფასებს და ლონდონს საპასუხო ზომებით ემუქრება.
"ვწუხვართ ასეთი არამეგობრული ნაბიჯების გამო. ”რა თქმა უნდა, იქნება ისეთი საპასუხო რეაგირება, როგორიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებს შეესაბამება", – განაცხადა კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სავიზო და საბანკო სანქციები დაუწესა რუსეთის 25 მოქალაქეს, მათ შორის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ალქსანდრე ბასტრიკინს. მას და კიდევ 24 პირს ლონდონი ადანაშაულებს ადამიანის უფლებების დარღვევასთან, კერძოდ, იურისტ სერგეი მაგნიტსკის წამებასა და სიკვდილთან კავშირში.
ბასტრიკინის გარდა, სანქციები ეხებათ რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორ გრინს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსეი ანიჩინს, მოსამართლე ალექსეი კრივორუჩკოს და საგამოძიებო კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლებს.
Hermitage Capital-ის იურისტი სერგეი მაგნიტსკი, რომელმაც რუსი მაღალჩინოსნების მიერ საგადასახადო თაღლითობის გზით მილიონობით დოლარის მიტაცების სქემა გამოავლინა, 2008 წელს დააკავეს გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით. მაგნიტსკი საპატიმროში სასტიკ მოპყრობას უჩიოდა. იურისტი 2009 წელს, საპატიმროში გარდაიცვალა.


