Accentnews.ge
ისრაელის მთავარმა ეპიდემიოლოგმა თანამდებობა დატოვა: "ჩემი თხოვნა, არ გაგვეხსნა ქვეყანა სწრაფად, არ შეისმინეს. პირველი ეტაპის წარმატება წყალშია ჩაყრილი"

ისრაელის მთავარმა ეპიდემიოლოგმა თანამდებობა დატოვა: "ჩემი თხოვნა, არ გაგვეხსნა ქვეყანა სწრაფად, არ შეისმინეს. პირველი ეტაპის წარმატება წყალშია ჩაყრილი"

07/07/2020 11:09:05 მსოფლიო

ისრაელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. როგორც ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ზიგალ სადეცკი აცხადებს, ხელისუფლებამ არ შეისმინა მისი თხოვნა, არ გაეხსნათ ქვეყანა ნაჩქარევად.

"ბოლო რამდენიმე კვირაა ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გართულებულია. ჩემი თხოვნა, არ გაგვეხსნა ქვეყანა სწრაფად, არ შეისმინეს. წარმატება, რომელსაც ისრაელმა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პირველ ეტაპზე მიაღწია, წყალშია ჩაყრილი", – აცხადებს სადეცკი.

ისრაელმა შეზღუდვების ხელახლა დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

მთავრობის ბრძანებულების თანახმად, ქვეყანაში ბარები, ღამის კლუბები, სპორტული და კულტურული ღონისძიებების დარბაზები დაუყოვნებლივ უნდა დაიკეტოს.

"დღესავით ნათელია, რომ ვირუსი ვრცელდება. ისრაელმა ახლა სწრაფად უნდა იმოქმედოს, რათა არ მოხდეს ქვეყნის უფრო ფართო ჩაკეტვა", – განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომის შემდეგ.

ისრაელში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 32 000-ს უახლოვდება. COVID-19-ით გარდაცვლილია 330-ზე მეტი ადამიანი.

მაისში ისრაელში ეპიდსიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესებული იყო, რის გამოც საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებდა, დიდი ალბათობით, ისრაელი იქნებოდა. მაისის ბოლოდან ისრაელში ისევ მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა. ივლისის დასაწყისიდან პერიოდულად, დღეში ათასზე მეტი ახალი შემთხვევაც კი ფიქსირდება.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 540 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 740 000–ს გადააჭარბა, 6 743 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 958-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 838 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S