"კორონავირუსის პირველ ტალღაში ჯერ–ჯერობით მუხლამდე ვართ"
07/07/2020 09:25:14 მსოფლიო
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, ქვეყანას სწრაფად გახსნის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა.
"კორონავირუსის პირველ ტალღაში ჯერ კიდევ მუხლამდე ვართ.
დღეში საშუალოდ Covid-19-ით ინფიცირების 20 000 ახალი შემთხვევა გვქონდა. შემდეგ რიგმა შტატებმა ნაადრევად დაიწყო გახსნა და შემთხვევებმაც იმატა. ახლა ანტირეკორდებს ვამყარებთ. ბოლო ასეთი ანტირეკორდი დღეში 57 500 ახალი შემთხვევა იყო, რომელიც 2 დღის წინ დაფიქსირდა. ანუ დაახლოებით 10 დღეში ჩვენი კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. ასე, რომ კორონავირუსის პირველ ტალღაში ჯერ–ჯერობით მუხლამდე ვართ", – განაცხადა ფაუჩიმ.
მსოფლიოში Covid-19-ით ყველაზე მეტი ადამიანი აშშ–ში დაინფიცირდა და გარდაიცვალა. უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებით 130 000–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 3 მილიონზე მეტი დაინფიცირდა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 540 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 740 000–ს გადააჭარბა, 6 743 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 958-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 838 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


