დიდი ბრიტანეთი რუსეთის 25 მოქალაქეს სანქციებს უწესებს
06/07/2020 17:37:03 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი ბოლო წლებში ადამიანის უფლებების საყოველთაოდ ცნობილი დარღვევის ფაქტების უკან მდგომ 50-მდე პირსა და ორგანიზაციას სანქციებს დაუწესებს. სანქციების სამიზნე პიროვნებები და ორგანიზაციები არიან რუსეთიდან, საუდის არაბეთიდან, მიანმარიდან და ჩრდილო კორეიდან.
BBC-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში ანგარიშები გაეყინება და ქვეყანაში შესვლა აეკრძალება 2009 წელს ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობასთან დაკავშირებულ რუსი ეროვნების 25 პირს, ასევე 20 ადამიანს საუდის არაბეთიდან, რომლებიც ჩართულნი არიან 2018 წელს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში, მიანმარიდან მაღალი რანგის ორ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც მონაწილეობენ ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართულ მუდმივ სასტიკ ძალადობაში და ასევე, ჩრდილოეთ კორეულ ორ ორგანიზაციას, რომლებიც შემჩნეულნი არიან ადამიანების იძულებით შრომაში, წამებასა და მკვლელობებში.
„თუკი შენ ხარ ორგანიზებული დანაშაულის წევრი, ამ ქვეყანაში ფულს ვერ გაათეთრებ. დღეს, ეს მთავრობა და ეს პალატა ძალიან ნათელ მესიჯს გზავნის ბრიტანელი ხალხის სახელით, რომ ისინი, ვისაც სისხლში აქვთ ხელები ამოსვრილი, კაცისმკვლელები, დიქტატორების დამქაშები, თავისუფლად ვერ ივლიან ამ ქვეყანაში, რათა ქონება შეიძინონ, საყიდლებზე იარონ ან ბრიტანული ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების საშუალებით ბინძური ფული გადმოქაჩონ“, - განაცხადა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა.


