ისრაელმა შეზღუდვები ხელახლა დააწესა
06/07/2020 13:27:33 მსოფლიო
ისრაელმა შეზღუდვების ხელახლა დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
მთავრობის ბრძანებულების თანახმად, ქვეყანაში ბარები, ღამის კლუბები, სპორტული და კულტურული ღონისძიებების დარბაზები დაუყოვნებლივ უნდა დაიკეტოს.
"დღესავით ნათელია, რომ ვირუსი ვრცელდება. ისრაელმა ახლა სწრაფად უნდა იმოქმედოს, რათა არ მოხდეს ქვეყნის უფრო ფართო ჩაკეტვა", – განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომის შემდეგ.
ისრაელში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 30 000-ს უახლოვდება. COVID-19-ით გარდაცვლილია 330-ზე მეტი ადამიანი.
მაისში ისრაელში ეპიდსიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესებული იყო, რის გამოც საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებდა, დიდი ალბათობით, ისრაელი იქნებოდა. მაისის ბოლოდან ისრაელში ისევ მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა. ივლისის დასაწყისიდან პერიოდულად, დღეში ათასზე მეტი ახალი შემთხვევაც კი ფიქსირდება.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 536 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 560 000–ს გადააჭარბა, 6 538 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 953-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 830 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


