რუსეთის პატრიარქი: "აია-სოფიას მეჩეთად ქცევა ქრისტიანობასა და ჩვენს ისტორიას საფრთხეს უქმნის"
06/07/2020 12:33:41 მსოფლიო
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი მიიჩნევს, რომ "აია-სოფიას მეჩეთად ქცევა ქრისტიანობას საფრთხეს უქმნის".
"აია-სოფიას მეჩეთად ქცევა ყველა ქრისტიანული ცივილიზაციისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული ჩვენს სულიერებასა და ისტორიას საფრთხეს უქმნის", – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს თურქეთის „სახელმწიფო საბჭომ“ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე გადაწყვეტილების მიღება 15 დღით გადადო.
თურქი ნაციონალისტები და კონსერვატორები მუზეუმის მეჩეთად გადაკეთებას ითხოვენ. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმაც გააკეთა, თუმცა რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ხელისუფლება საბჭოს გადაწყვეტილებას დაელოდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თურქეთს მოუწოდა, სტამბოლში წმინდა სოფიას ტაძარი მეჩეთად არ გადაკეთდეს. გუშინ აღნიშნულ საკითხს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "აია-სოფიას მეჩეთად ქცევა ქრისტიანულ სამყაროს ისლამის წინააღმდეგ განაწყობს".
მოგვიანებით ანკარა პომპეოს განცხადებას გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა:
"შოკირებული ვართ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აია-სოფიას შესახებ გაკეთებული განცხადებით, აია-სოფია ჩვენს ტერიტორიაზე მდებარეობს და თურქეთის საკუთრებაა. აია-სოფია ჩვენს მიწაზე მდებარეობს და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი თურქეთის შიდა საქმეა. აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა არავის აქვს უფლება, ჩვენს სუვერენულ უფლებებზე „მოვუწოდებთ, მოვითხოვთ“ ენით გველაპარაკოს".
ცნობისათვის: წმ. სოფიას ტაძარი ბიზანტიის ცენტრის, კონსტანტინეპოლის [ამჟამად ქალაქი სტამბოლი] მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი იყო. ბიზანტიის იმპერიის დაცემის და ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ, იგი მუსლიმურ სალოცავად გადააკეთეს და ოთხი მინარეთი მიაშენეს.
1934 წელს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე, „აია სოფია“ მუზეუმი გახდა. კომპლექსი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.


