ეზუგბაია: "შიდა გავრცელება ძალიან მინიმალური გვაქვს, რაც დამაიმედებელია“
06/07/2020 07:27:25 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია: პაციენტები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან.
„ორი ახალი პაციენტიდან, ორივე სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ორივე იმპტორტირებული შემთხვევაა. ბოლო ორ კვირაზე მეტია, ჩვენ ძირითადად გვაქვს შემოტანილი შემთხვევები და ძირითადად სატვირტთო ავტომობილების მძღოლები არიან, შიდა გავრცელება ძალიან მინიმალური გვაქვს, რაც დამაიმედებელია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კვლავ ინფიცირებულების 87%–ია, კოვიდ-ცენტრებში კი ამჟამად 108 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკას ახალი პაციენტი არ მიუღია და ცენტრში ისევ 24 დადასტურებული შემთხვევა რჩება.
„ყველას მდგომარეობა სტაბილურია, არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება, მათი უმეტესი ნაწილი საშუალო და საშუალოზე მსუბუქი მდგომაროებითაა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.


