Accentnews.ge
ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი: "თურქები აია–სოფიას მეჩეთად გადაკეთებას ვერ გაბედავენ"

ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი: "თურქები აია–სოფიას მეჩეთად გადაკეთებას ვერ გაბედავენ"

06/07/2020 04:47:11 მსოფლიო

ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმე მეორე აცხადებს, რომ თურქეთი აია–სოფიას მეჩეთად გადაკეთებას ვერ გაბედავს.

"თურქები ყველა თამაშს თამაშობენ, რომელიც ხელში მოხვდებათ. ეს კიდევ ერთი ასეთი თამაშია. მჯერა, რომ ისინი ამას ვერ გაბედავენ“, – განაცხადა იერონიმე მეორემ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის „სახელმწიფო საბჭომ“ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე გადაწყვეტილების მიღება 15 დღით გადადო.

თურქი ნაციონალისტები და კონსერვატორები მუზეუმის მეჩეთად გადაკეთებას ითხოვენ. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმაც გააკეთა, თუმცა რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ხელისუფლება საბჭოს გადაწყვეტილებას დაელოდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თურქეთს მოუწოდა, სტამბოლში წმინდა სოფიას ტაძარი მეჩეთად არ გადაკეთდეს. გუშინ აღნიშნულ საკითხს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "აია-სოფიას მეჩეთად ქცევა ქრისტიანულ სამყაროს ისლამის წინააღმდეგ განაწყობს".

მოგვიანებით ანკარა პომპეოს განცხადებას გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა:

"შოკირებული ვართ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აია-სოფიას შესახებ გაკეთებული განცხადებით, აია-სოფია ჩვენს ტერიტორიაზე მდებარეობს და თურქეთის საკუთრებაა. აია-სოფია ჩვენს მიწაზე მდებარეობს და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი თურქეთის შიდა საქმეა. აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა არავის აქვს უფლება, ჩვენს სუვერენულ უფლებებზე „მოვუწოდებთ, მოვითხოვთ“ ენით გველაპარაკოს".

ცნობისათვის: წმ. სოფიას ტაძარი ბიზანტიის ცენტრის, კონსტანტინეპოლის [ამჟამად ქალაქი სტამბოლი] მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი იყო. ბიზანტიის იმპერიის დაცემის და ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ, იგი მუსლიმურ სალოცავად გადააკეთეს და ოთხი მინარეთი მიაშენეს.

1934 წელს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე, „აია სოფია“ მუზეუმი გახდა. კომპლექსი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S