არსებული ეპიდსიტუაციის პირობებში სექტემბერში სწავლა განახლდება
03/07/2020 12:29:18 საზოგადოება
დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი ეპიდსიტუაცია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ სექტემბერში სკოლებში სწავლის განახლებას საფრთხე არ ემუქრება.
„დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არავითარი საშიშროება იმის, რომ სწავლა არ დაიწყოს, არ არის. თუ ეპიდსიტუაციას, როგორიც დღეს გვაქვს, შევინარჩუნებთ, არავითარი საფრთხე სწავლის არდაწყების არ არის“, - განაცხადა ამირან გამრელიძემ მედიასთან საუბარში.
თავის მხრივ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ სკოლის შენობებში სწავლის განახლების თარიღთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობენ:
„ვინაიდან სექტემბერი უკვე ახლოს არის, ჩვენ, ხელისუფლება, მათ შორის, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები, უკვე ვაკეთებთ ყველა სამეცნიერო არგუმენტების კონსოლიდაციას, რათა ამ საკითხზე მივიღოთ დროული და სწორი გადაწყვეტილება. მე პირადად, ვფიქრობ, რომ სექტემბერში სწავლის დაწყების პროცესს, იმ ყველა თანმდევი სერვისებით, რომელიც სწავლის პროცესს ახლავს, ჯერჯერობით, როგორც ჩანს, პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ ვემზადებით და ვმუშაობთ იმისთვის, რომ სექტემბერში მოხდეს სწავლის განახლება რეალურ რეჟიმში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და დასძინა, რომ სწავლის განახლებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
გაერო–ს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის განცხადებით, დროა, ბავშვები ჩვეულ სასწავლო პირობებს დაუბრუნდნენ.


