რუს ჟურნალისტს უშიშროების ორგანოების მამხილებელი სიუჟეტისთვის 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება
03/07/2020 08:54:02 მსოფლიო
რუსეთის პროკურატურა პსკოვში მოღვაწე ჟურნალისტ სვეტლანა პროკოპიევას “ტერორიზმის გამართლებაში” ადანაშაულებს და მისთვის 6-წლიან პატიმრობას ითხოვს.
საქმე 2018 წლის ნოემბერში «Эхр Москвы в Пскове»-ს ეთერში გასულ სიუჟეტს ეხება, რომელიც მოქალაქე მიხეილ ჟლობიცკის მიერ რუსეთის უშიშროების არხანგელსკის განყოფილების შენობაში თავის აფეთქების რეალურ მიზეზებს ეხებოდა. პროკოპიევამ ტერაქტად კვალიფიცირებული ეს ქმედება “ძალოვანთა მხრიდან მოქალაქის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას” დაუკავშირა.
2019 წლის თებერვალში პროკოპიევას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელსაც ფსიქოლოგიურ-ლინგვისტური ექსპერტიზის დასკვნა დაედო საფუძვლად 2019 წლის თებერვალშივე სასამართლომ «Эхо Москвы в Пскове» 150 ათასი რუბლით დააჯარიმა.
ინფორმაციისთვის: საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ერთ–ერთ ოპოზიციურ არხზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. სიუჟეტის რესპონდენტები კოვიდსტატისტიკის გაყალბებაზე საუბრობენ.
2 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სუს–მა ეთერში გასული სიუჟეტის დაუმონტაჟებელი მასალა სასამართლოს ძალით მოითხოვა. ამასთან, უწყებამ არხი დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაში დაადანაშაულა
მუხლი, რომლის ფარგლებშიც გამოძიება მიმდინარეობს, გულისხმობს, საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას და ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სადავო სიუჟეტი


