ისრაელი შეზღუდვებს უბრუნდება
02/07/2020 22:36:37 მსოფლიო
კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევების ზრდის გამო, ისრაელის მთავრობამ შეზღუდვების განახლების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, შეზღუდვები პირველ რიგში შეეხება საზოგადოებრივ შეკრებებს: იკრძალება დახურულ სივრცეებში, მათ შორის სახლებში 20-ზე მეტი ადამიანის შეკრება, ხოლო სინაგოგებში, ღონისძიების დარბაზებში, ბარებსა და კლუბებში – 50-ზე მეტი ადამიანის.
„შეცდომების ხარჯები, როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე ეკონომიკისთვის შეიძლება ძალიან ცუდი იყოს. ჩვენ დავადგენთ მინიმალურ შეზღუდვებს, რომელიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების შეჩერებისა და ეკონომიკის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, ადამიანი, რომელიც შეზღუდვებით დაზარალდება, კომპენსაციას მიიღებს.
ისრაელში ინფიცირების 26 257 შემთხვევაა რეგისტრირებული.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 519 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 800 000–ს გადააჭარბა, 6 033 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.


