ინდოეთში მამაკაცი, რომელიც მშობლებს ქორწილის გადადებას სთხოვდა, ღონისძიებიდან ორ დღეში კორონავირუსით გარდაიცვალა
02/07/2020 11:17:03 მსოფლიო
ინდოეთში, ბიჰარის შტატში მამაკაცი საკუთარი ქორწილიდან ორ დღეში ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 30 წლის მამაკაცს ტემპერატურა და დიარეა აღენიშნებოდა, რის გამოც იგი ოჯახის წევრებს ქორწილის გადადებას სთხოვდა. თუმცა ამ უკანასკნელებმა შეუძლოდ მყოფ სიძეს ტკივილგამაყუჩებლები დაალევინეს და აიძულეს დაქორწინებულიყო.
ინდური მედიის ცნობით, მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. ქორწილს 400–მდე პირი ესწრებოდა, მათგან 86–ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულები ჰოსპიტალიზებულები არიან.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ინდოეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთში Covid-19-მა 17 860 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 606 907 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 519 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 800 000–ს გადააჭარბა, 6 033 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 939-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 817 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


