მოსკოვის მტკიცებით, რუსულმა გამანადგურებლებმა შავი ზღვის აკვატორიის თავზე ამერიკულ ხომალდს მანევრების შეწყვეტა აიძულეს
02/07/2020 05:40:38 მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურის მტკიცებით, რუსულმა სამხედრო საჰაერო ხომალდებმა ქვეყნის საჰაერო საზღვრის სიახლოვეს, შავი ზღვის აკვატორიის თავზე ამერიკულ სადაზვერვო თვითმფრინავს მანევრების შეწყვეტა აიძულეს.
ფაქტი, უწყების მტკიცებით, 2020 წლის 1 ივლისს მოხდა.
РИА Новости-ს ინფორმაციით, რუსული საფრენი აპარატები ამერიკულ სადაზვერვო საჰაერო ხომალდს აედევნენ და რუსეთის საზღვრიდან მოშორებულ სივრცემდე მიაცილეს.
ინფორმაციის თანახმად, ამ მიზნით ჰაერში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციის ჰაერსაწიააღმდეგო თავდაცვის მორიგე ძალების სამხრეთ-სამხედრო ოლქის მრავალფუნქციური გამანადგურებლები Су-27 ავიდნენ.
«რუსული გამანადგურებლები საჰაერო სამიზნეს მიუახლოვდნენ და მოახდინეს მისი, როგორც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი მზვერავი თვითმფრინავის - RC-135W Rivet Joint იდენტიფიცირება. ამის შემდეგ აღნიშნულმა საფრენმა აპარატმა გეზი რუსეთის სახელმწიფო საზღვრისგან მოშორებაზე აიღო. რუსეთის ფედერაციის საჰაერო საზღვარი არ დარღვეულა», - ნათქვამია ინფორმაციაში.


