„აია-სოფია ჩვენს მიწაზე მდებარეობს და არავის აქვს უფლება "მოვუწოდებთ" და "მოვითხოვთ“ ენით გველაპარაკოს"
02/07/2020 04:38:46 მსოფლიო
შოკირებული ვართ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აია-სოფიას შესახებ გაკეთებული განცხადებით, აია-სოფია ჩვენს ტერიტორიაზე მდებარეობს და თურქეთის საკუთრებაა, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერმა ჰამი აკსოიმ განაცხადა.
„აია-სოფია ჩვენს მიწაზე მდებარეობს და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი თურქეთის შიდა საქმეა. აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა არავის აქვს უფლება, ჩვენს სუვერენულ უფლებებზე „მოვუწოდებთ, მოვითხოვთ“ ენით გველაპარაკოს",- აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თურქეთს მოუწოდა, სტამბოლში წმინდა სოფიას ტაძარი მეჩეთად არ გადაკეთდეს.
გუშინ აღნიშნულ საკითხს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "აია-სოფიას მეჩეთად ქცევა ქრისტიანულ სამყაროს ისლამის წინააღმდეგ განაწყობს".
ცნობისათვის: თურქი ნაციონალისტები და კონსერვატორები მუზეუმის მეჩეთად გადაკეთებას ითხოვენ. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმაც გააკეთა, თუმცა რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ხელისუფლება საბჭოს გადაწყვეტილებას დაელოდება.
მეექვსე საუკუნის ძეგლის სტატუსთან დაკავშირებით თურქეთის სახელმწიფო საბჭო მსჯელობას ხვალ დაიწყებს. გადაწყვეტილებას კი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მიიღებენ.
წმ. სოფიას ტაძარი ბიზანტიის ცენტრის, კონსტანტინეპოლის [ამჟამად ქალაქი სტამბოლი] მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი იყო. ბიზანტიის იმპერიის დაცემის და ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ, იგი მუსლიმურ სალოცავად გადააკეთეს და ოთხი მინარეთი მიაშენეს.
1934 წელს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე, „აია სოფია“ მუზეუმი გახდა. კომპლექსი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.


