"ველოდებით, რომ ევროკავშირი დაშვებულ შეცდომას დაუყოვნებლივ გამოასწორებს"
01/07/2020 12:37:31 მსოფლიო
თურქეთი ევროკავშირს მოუწოდებს, გამოასწოროს შეცდომა და ქვეყანა იმ სახელმწიფოების სიაში შეიყვანოს, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს.
"იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან თურქეთი ამ სიაში არ მოხვდა. ველოდებით, რომ ევროკავშირი დაშვებულ შეცდომას დაუყოვნებლივ გამოასწორებს", – აცხადებენ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში თურქეთში COVID-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი შემცირდა.
ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. იმ ქვეყნების სრული სია, რომლებსაც ევროკავშირი საზღვრებს გაუხსნის, ასეთია: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი. სიაში მეთხუთმეტე ქვეყანაა ჩინეთი, თუმცა ევროკავშირი საზღვარს იმ პირობით გახსნის, თუ ჩინეთიც ასევე გაუხსნის საზღვარს ევროკავშირის მოქალაქეებს.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაციის გათვალისწინება სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ფრენების აღდგენა 1 აგვისტომდე გადადო, თუმცა დღეს, 30 ივნისს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში იქნება.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 514 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 590 000–ს გადააჭარბა, 5 800 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 931-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 795 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


