Accentnews.ge
სამედიცინო სექტორის 300–მდე წარმომადგენელს ოთხთვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვას აქციის შემდეგ შეპირდნენ

სამედიცინო სექტორის 300–მდე წარმომადგენელს ოთხთვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვას აქციის შემდეგ შეპირდნენ

01/07/2020 11:35:33 საზოგადოება

1 ივლისს გამართული აქციის შემდეგ, ქუთაისის ცხელების ცენტრის თანამშრომელთა სახელფასო დავალიანების გასტუმრების და პრობლემის მოგვარების პირობა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დადო.

მედიასთან საუბარში მან განაცხადა, რომ პრობლემა გარკვეული დოკუმენტების მოწესრიგების გახანგრძლივებამ წარმოშვა და მედპერსონალს ხელფასები უახლოეს პერიოდში ჩაერიცხება.

“ეს ფაქტი უნდა ჩავთვალოთ, რომ უკვე გამოსწორებულია, ვინაიდან აქ იყო საჭიროება გარკვეული პროცედურული დოკუმენტაციის დეტალურად შესწავლის და შემდეგ მისი იურიდიულ ფორმაში მოქცევის, რაც გაკეთებული არის. ხვალინდელ მთავრობის სხდომაზე ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომლის ფარგლებშიც ამ ადამიანებს მიეწოდებათ ხელფასი და სულ რამდენიმე დღეში მათ ანგარიშზე აისახება ის სამუშაო ანაზღაურება, რომელიც მათ ეკუთვნით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 4 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით ქუთაისის, ჩხობაძის სახელობის კლინიკის მედპერსონალმა საპროტესტო აქცია გამართა. 300-მდე თამნამშრომელს მუშაობა ანაზღაურების გარეშე უწევს.

კლინიკა პანდემიის გამო, ცხელების ცენტრად გადაკეთდა, იქ დასაქმებული პერსონალის ნაწილი სამუშაოდ წყალტუბოს საკარანტინე სივრცეებში გადაანაწილეს, ნაწილი კი ადგილზე მუშაობს.

როგორც ექთანმა სალომე გაბელიამ თქვა, კუთვნილი ხელფასის გადაუხდელობის მიზეზზე ხელმძღვანელობისგან პასუხი ვერ მიიღო:

„4 თვეა, წყალტუბოში დავდივარ, თუმცა ანაზღაურება არ მიმიღია. ვრეკავდით ცხელების ცენტრში, თუმცა რეაგირება არავის ჰქონია. ცხელების ცენტრში 90 თანამშრომელი ვართ, წყალტუბოში კი 16 ექთანი გაგვგზავნეს. თანამშრონლების ნაწილი სახლში გაუშვეს. ყველანაირად შეურაცხყოფილები ვართ. ჩვენთვის არც ტაში აღმოჩნდა და არც მადლობა. ვგრძნობთ, რომ ქვეყნისთვის საჭირო არ ვართ".

ჩხობაძის სახელობის კლინიკის დირექტორის გოგიტა ბაბუნაშვილის განმარტებით, კლინიკა 2019 წლის ნოემბრიდან, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ნაწილს წარმოადგენს, ადმინისტრირებას და ოპერირებასაც ისინი ახორციელებენ და შექმნილი პრობლემის მოგვარებაც მათი პრეროგატივაა:

„პრობლემის მოგვარება მათი ვალდებულებაა, მათ შორის სახელფასო დავალიანების. ჩვენი კლინიკის თანამშრომლები წყალტუბოს საკარანტინე ზონას მართლაც ემსახურებიან ოთხი თვეა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S