კონსტანტინოპოლის პატრიარქი: "აია-სოფიას მეჩეთად ქცევა ქრისტიანულ სამყაროს ისლამის წინააღმდეგ განაწყობს"
01/07/2020 11:25:51 მსოფლიო
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე აცხადებს, რომ აია-სოფიას მეჩეთად ქცევა ქრისტიანულ სამყაროს ისლამის წინააღმდეგ განაწყობს.
შეგახსენებთ, რომ თურქი ნაციონალისტები და კონსერვატორები მუზეუმის მეჩეთად გადაკეთებას ითხოვენ. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმაც გააკეთა, თუმცა რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ხელისუფლება საბჭოს გადაწყვეტილებას დაელოდება.
მეექვსე საუკუნის ძეგლის სტატუსთან დაკავშირებით თურქეთის სახელმწიფო საბჭო მსჯელობას ხვალ დაიწყებს. გადაწყვეტილებას კი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მიიღებენ.
წმ. სოფიას ტაძარი ბიზანტიის ცენტრის, კონსტანტინეპოლის [ამჟამად ქალაქი სტამბოლი] მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი იყო. ბიზანტიის იმპერიის დაცემის და ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ, იგი მუსლიმურ სალოცავად გადააკეთეს და ოთხი მინარეთი მიაშენეს.
1934 წელს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე, „აია სოფია“ მუზეუმი გახდა. კომპლექსი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.


