საქართველოში კოვიდ–ინფიცირებულთა 85%–ზე მეტი გამოჯანმრთელდა
30/06/2020 07:07:49 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 85%–ზე მეტი გამოჯანმრთელდა და ამჟამად ქვეყანაში ვირუსის 119 აქტიური რეგისტრირებული შემთხვევაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისი შეფასებით, ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების ზომიერი მატება ფიქსირდება.
რაც შეეხება ორ ახალ პაციენტს, ეზუგბაიას ცნობით, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო მეორე –სატვირთო ავტომანქანის მძღოლი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის 928 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 794 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა.
განახლება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ემორჩილება.
მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულების 86% გამოჯანმრთელებულია:
„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია, ემორჩილება მართვას. დღეის მონაცემით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი გვაქვს საკმაოდ კარგი, 86 პროცენტზე ავედით გამოჯანმრთელების მაჩვენებლის მიხედვით.
119 ადამიანი, კოვიდინფიცირებული რჩება კლინიკებში. სამწუხაროდ, გვაქვს 15 გარდაცვალება, რომელიც წარმოადგენს 1.6 პროცენტს, რაც, რა თქმა უნდა, საერთაშორისო გლობალურ მაჩვენებლებთან შედარებით, დაბალია“, – განაცხადა გამყრელიძემ.


