ჯანმო: „პანდემიის დასრულებამდე შორია და უარესი კიდევ წინ არის“
29/06/2020 16:43:15 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თქმით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ ძალიან შორია და უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ეს განცხადება ტედროს ადანომ გებრეისუსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მან მთავრობებს სწორ პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდა, ჯანმო–ს გზავნილი იგივეა, ჩაატარეთ ტესტირება, გამოვლინდნენ ინფიცირებულები და მათი კონტაქტები, მოხდეს მათი იზოლაცია და კარანტინში გადაყვანა:
„ყველას გვსურს, რომ ეს [პანდემია] დასრულდეს, ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, მაგრამ მძიმე რეალობა ისაა, რომ დასრულებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყენაში პროგრესი არის, გლობალურად პანდემია მაინც ძალას იკრებს“.
მან მთავრობებს, გერმანიის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მაგალითების გაზიარებისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, 30 ივნისს სრულდება ზუსტად ნახევარი წელი მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ პირველი ინფორმაცია მიიღო ჩინეთში უცნობი ტიპის პნევმონიის შესახებ. ექვსი თვის შემდეგ, მსოფლიოში დაინფიცირებულთა რაოდენობამ ათ მილიონ ადამიანს მიაღწია, გარდაიცვალა 500 ათასი ადამიანი.


