TI: საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის შესარჩევი კონკურსი პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობს
29/06/2020 11:39:59 საზოგადოება
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი პროცედურების დარღვევით მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ 3 ვაკანტურ თანამდებობაზე შესარჩევმა კომისიამ 8 კანდიდატი წარადგინა.
"შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს 3 ვაკანტურ ადგილზე 8 კანდიდატურა წარუდგინა მაშინ, როცა პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტს "ასარჩევზე, სულ ცოტა, სამჯერ მეტი კანდიდატურა" უნდა წარედგინა, ანუ, ამ შემთხვევაში, არანაკლებ 9", - აღნიშნავენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში".
საზოგადოებრივ მაუწყებელში სამი მეურვის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც უფლებამოსილების ვადა უმრავლესობის კვოტით წარდგენილ გია იაკობაშვილსა და ოპოზციის წარდგენილ ნინია კაკაბაძესა და ქეთი მსხილაძეს ამოეწურათ.
უმრავლესობამ და ოპოზიციამ ამ თანამდებობაზე კენჭისაყარელად უკვე წარადგინეს გია მურღულია, ზაზა აბაშიძე, დოდო შონავა და ბონდო მძინარიშვილი. მათ დამტკიცებას კენჭს რამდენიმე დღეში უყრიან.


