“უფულობის პანდემია” აფხაზეთში: “რა ვქნათ, საქართველოსთან, ევროკავშირთან, ამერიკასთან თანამშრომლობაზე ვიფიქროთ?”

27-06-2020 20:16:11 კონფლიქტები ,რეპორტაჟი

კორონავირუსის პანდემიის ფონზე აფხაზეთში უკიდურესად გამწვავებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბევრი იმაზე დააფიქრა, რითაც წესით, ე.წ. “დამოუკიდებლობის” მოპოვებისთანავე უნდა შეეწუხებინა თავი, თუმცა “უფასო” რუსული დახმარების ფონზე სიზარმაცე სძლევდა. ზოგიერთებს კი ამან ხმაც ამოაღებინა და იმაზე საჯაროდ საუბრისას, რა გამოსავალი შეიძლება, მოიძებნოს შექმნილ კოლაფსურ ვითარებაში, საქართველოსა და დასავლეთთან შესაძლო თანამშრომლობაც კი ახსენებინა,

“გვითხარით, რა ვქნათ, მოძებნეთ გამოსავალი, მარტო შექმნილ ვითარებას რომ აღწერთ – მას თქვენს გარეშეც ვხედავთ და ვგრძნობთ! თუ გამოსავალს ვერ პოულობთ, თუ ვერაფერს გვთავაზობთ, რა ვქნათ, საქართველოსთან, ევროკავშირთან, ამერიკასთან თანამშრომლობაზე ვიფიქროთ?” - ამ ფრაზამ 26 ივნისს სოხუმში, სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ცენტრში გამართულ შეხვედრაზე გაიჟღერა, რომელზეც ბანკირები და მეწარმეები კორონავირუსული კრიზისის პირობებში აფხაზური საბანკო სისტემისა და მთლიანად ეკონომიკის მდგომარეობაზე მსჯელობდნენ.

ვითარების კრიტიკულობის შეფასებაში ყველა თანხმდება, თუმცა როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კრიზისი პანდემიამდეც – წლების განმავლობაში არსებობდა და მას ლოგიკური მიზეზები ჰქონდა, მათ შორის – სრული უმოქმედობა და მხოლოდ რუსული დახმარების იმედად ყოფნა.

ითქვა, რომ ბანკები ბიზნესზე ფაქტობრივად არანაირ მასტიმულირებენ გავლენას არ ახდენენ, აფხაზური “ეროვნული ბანკი” კი, თავის მხრივ, საკუთარ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ვერ გაატარებს, რადგან “დამოუკიდებელ სახელმწიფოს” საკუთარი ვალუტა არ გააჩნია; მომხმარებლები კრედიტების დაბრუნების აუცილებლობას ვერ გრძნობენ, კომერციულ ბანკებს კი ამის საპასუხოდ ძალზე მაღალი (წლიური 36%) საპროცენტო განაკვეთი აქვთ...

გამოსავლად ბანკირებმა მომსახურების გაფართოება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა დაასახელეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ამას დღემდე არარსებული საკანონმდებლო ბაზა სჭირდება. გარდა ამისა, მათი თქმით, ყველა მიმართულებით პრობლემას ქმნის საკუთარი ვალუტის არარსებობა და ფულადი მასის წარმოების შეუძლებლობა.

“ბანკი უბრალოდ იღებს ნებისმიერ სიტუაციას და არ აქვს მასზე რეაგირების შესაძლებლობა: თუ არსებობს ინფლაცია, იგი ისეთივეა, როგორიც რუსეთში, შესაბამისად – დოლარის კურსიც; ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე საუბარიც ზედმეტია, რადგან მისი განხორციელების ინსტრუმენტი არ გაგვაჩნია…. ამ პირობებში ბანკის ძირითადი საქმიანობა ბიუჯეტის მომსახურებასა და კლიენტებთან, კერძოდ კომერციულ ბანკებთან მუშაობაზეა მიმართული” – განაცხადა შეხვედრაზე აფხაზური “ეროვნული ბანკის” მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ბესლან ბარათელიამ.

მისივე ინფორმაციით, კარანტინის გამო ჩაკეტილი დე ფაქტო საზღვრებისა და შეზღუდვების პერიოდში ლეგალურმა ფულადმა ბრუნვამ 2 მლრდ რუბლი დაკარგა, რაც კოლოსალური თანხაა პატარა აფხაზეთისთვის და ეს, ბუნებრივია, აისახა მთელს მის ეკონომიკაზე.

“ხალხმა სამუშაო დაკარგა და დაიწყო ანგარიშებიდან ფულის მოხსნა, ბანკი კი ბრუნვისთვის სწორედ ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს იყენებდა. ახლა ფული აღარ გვაქვს. შესაბამისად, რომელ კრედიტების გაცემასა და საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე შეიძლება, ვისაუბროთ?! ...მთელი ეს საშინელი სურათი მხოლოდ მას შემდეგ შეიცვლება, რაც ეკონომიკა ამუშავდება, ბიზნესი განვითარდება და გადასახადების გადახდას დაიწყებს, ჩრდილოვანი ბრუნვა აღმოიფხვრება… აი, მაშინ საბანკო სექტორში წამოვა ფული და შესაძლებელი გახდება კრედიტების გაცემა. მესმის და ვაღიარებ, რომ ეს შეკრული წრეა დ ყველაფერი ურთიერთკავშირშია, მაგრამ რეალობა ასეთია” – დასძინა ბარათელიამ.

ომისშემდგომ აფხაზეთში პირველი კომერციული ბანკის დამაარსებელი მიხეილ ჩალმაზი სასწრაფო წესით ემისიის დაწყებისა და საკანონმდებლო ბაზის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის - არარეზიდენტების საბანკო მომსახურების საფუძვლის შექმნის მიმართულებით:

“ფული არ არის და უახლოეს მომავალში არც იქნება, ასე, რომ კრედიტებს ნურავინ დაელოდება. ვფიქრობ, ახლა მაინც სასწრაფო წესით უნდა დავიწყოთ იმის კეთება, რაც ჯერ კიდევ 20 წლის წინ უნდა გვეკეთებინა. უნდა უნდა დაიწყოს ემისია, თანაც რაც მალე – მით უკეთესი. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ კანონმდებლობა ძალიან ჩამორჩება ტექნოლოგიებს, რომელიც უკვე დავნერგეთ და ვეღარ შევაჩერებთ. დაგვეხმარონ საკანონმდებლო გადაწყვეტილებებით, მაგალითად, მოგვცენ არარეზიდენტების მომსახურების შესაძლებლობა – დაგვრთონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ანგარიშების გახსნის ნება: ჩვენი მოსახლეობის 95% რუსეთის მოქალაქეობას ფლობს, მაგრამ რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქე აქ ანგარიშს ასე მარტივად ვერ ხსნის. არადა, თანასწორ პირობებში უნდა ვიყოთ”.

მან გაიხსენა, რომ “ომამდე აფხაზეთში მოქმედებდა ბირჟა, იყო ფასიანი ქაღალდების მიმოქცევა, ახლა ეს ყველაფერი შეჩერებულია, ხოლო ტერიტორიის ტოქსიკურობის გამო სახელმწიფო კრედიტებს ვერ იღებს».

თავის მხრივ, მეწარმე დავით ფილიამ დე ფაქტო ხელისუფლებისგან შექმნილ კოლაფსურ ვითარებაში მოქმედება მოითხოვა:

«ვითარება, რა თქმა უნდა, საშინელია, მაგრამ არა გამოუვალი: ჩვენ გვყავს მთავრობა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სამინისტროები, უწყებები, ბანკები… პოლიტიკოსები უნდა დასხდნენ და გადაწყვიტონ, რა ვქნათ! გავხსნათ მეორე საზღვარი და ველაპარაკოთ ქართველებს, ევროკავშირს, ამერიკელებს, დავიწყოთ საკუთარი ვალუტის გამოშვება?... არ ვიცი, რაღაც უნდა ვიღონოთ, რამე უნდა გადაწყვიტოთ. ჩვენ ჩიხში ვართ და ასე ცხოვრება ვეღარ გაგრძელდება. არადა, ეს კრიზისის მხოლოდ დასაწყისია და ამ წლის ბოლოს-მომავალი წლის დასაწყისისთვის რა იქნება?! რა გველის, როცა იმ მინიმალურ ხელფასსაც ვეღარ გადავიხდით, რომელსაც ახლა ვფარავთ, როგორ იარსებოს ხალხმა?! აცნობიერებთ, რამხელა საფრთხის წინაშე ვართ? - შიმშილისა და უფულობის პანდემია უფრო საშიშია, რომ იცოდეთ, ვიდრე თავად ეს ვირუსი!» - მიმართა მან დე ფაქტო ხელისუფლებას.

კიდევ ერთმა მეწარმემ - ბესლან ქვარჩიამ კი აღნიშნა, რომ “სადღეისოდ აფხაზეთის მოქალაქეები მხოლოდ იმ ფულის, პენსიებისა და ხელფასების ხარჯზე ცოცხლობენ, რომელთაც რუსეთი უხდით – ანუ იმ სახსრების ხარჯზე, რომელსაც თავად აფხაზეთი არ გამოიმუშავებს”.

“ჩვენ ვაკონტროლებთ საქონლის გატანას, მაგრამ არა მათ ლიკვიდურობას; დღეს ბანკების მხრიდან ითქვა, რომ თურმე, სურთ, მიიზიდონ არარეზიდენტები, მაგრამ საკუთარი რეზიდენტები თავად დააფრთხეს; ჩვენ არ გვაქვს საბანკო სისტემა, მის ნაცვლად განვითარებული გვაქვს ჩვეულებრივი მევახშეობა… ასე ბიზნესი ვერ განვითარდება», – დაასკვნა ქვარჩიამ.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები