"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" : "მთავარის" სიუჟეტზე გამოძიება მედიის თავისუფლებაში ჩარევის პრეცედენტია"
26/06/2020 14:34:07 საზოგადოება
"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" მიიჩნევს, რომ „მთავარი არხის“ სიუჟეტის გამო სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება წარმოადგენს უმწვავეს, არათანაზომიერ რეაგირებას და მედიის თავისუფლებაში ჩარევის ძალზედ სახიფათო პრეცედენტს.
"დემოკრატიულ საზოგადოებაში, გამოხატვის თავისუფლების პრინციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ჩარევისგან დაცულია ნებისმიერი მედიასაშუალება, მიუხედავად იმისა, მიიჩნევა თუ არა ის ინფორმაციის ობიექტურ გამავრცელებლად. მიუხედავად აღნიშნულისა, დღეს, ინტერნეტის, სოციალური მედიისა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, საზოგადოება განსაკუთრებით მოწყვლადია დეზინფორმაციის წინაშე. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, შესაბამისი საგანმანათლებლო კამპანიების წარმოება, საზოგადოებაში დეზინფორმაციის ამოცნობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. ამასთან, უმნიშვნელოვანესია ჟურნალისტთა შიდა რეგულირების მექანიზმების, მაგალითად, როგორიც არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეფექტური ფუნქციონირება, დეზინფორმაციის ყველა შესაძლო ფაქტის გარემოებების დეტალური შესწავლა და აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მიღება შიდა რეგულირების ფარგლებში”, - ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდება, რომ სიუჟეტით გაშუქებული ფაქტები ნამდვილად სიცრუეა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადების ავტორთა აზრით, ნებისმიერ ხელისუფლებას მიეცემა გავრცელებული ინფორმაციის სუბიექტური შეფასების საფუძველზე თავისუფალი მედიის კონტროლის მექანიზმი.
„ხელისუფლებას, ბუნებრივია, გააჩნია საკუთარი სიმართლის დამტკიცებისა და გავრცელების უფრო დიდი რესურსი და მეტი პლატფორმა. შესაბამისად, ხელისუფლების რეაგირება მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე, თუნდაც ის იყოს უსაფუძვლო, უნდა მოექცეს ზემოთ აღნიშნული ზომების ფარგლებში.
იმ პირობებში, როდესაც აშკარაა კონკრეტულად ტელეკომპანია „მთავარის” მიმართ ხელისუფლების უარყოფითი განწყობა (მაგალითად, სახელმწიფო თანამდებობის პირები საჯაროდ უცხადებდნენ ბოიკოტს არხს) და როდესაც საქართველო არაერთხელ მოხვდა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დეზინფორმაციისა და ყალბი ანგარიშებით ანტიდასავლური პროპაგანდის ფაქტების სიმრავლის გამო, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, სუს-ის მიერ „მთავარ” არხზე გასული სიუჟეტის „საბოტაჟად” შეფასება. აღნიშნული ქმედება, რეპრესიული მექანიზმის შერჩევითად გამოყენების შთაბეჭდილებას ქმნის.
ვფიქრობთ, რომ სატელევიზიო სიუჟეტის გამო საბოტაჟის მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, შეიძლება ჰქონდეს შეუქცევადი მსუსხავი ეფექტი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ყველა მედიასაშუალებებისთვის და დააზარალოს მოქალაქეთა მიერ ხელისუფლების კონტროლის იდეა”, - აცხადებს კოალიცია.
იხილეთ ასევე: სუს–მა COVID-19–თან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა


