კვლევა – ევროპაში 100 კოვიდ–ინფიცირებულ ბავშვში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%–ზე ნაკლებია, თუმცა ჰოსპიტალიზების აუცილებლობა – 60%–ზე მეტი
26/06/2020 11:54:57 მსოფლიო
ევროპაში 100 კოვიდ–ინფიცირებულ ბავშვში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%–ზე ნაკლებია, თუმცა ჰოსპიტალიზების აუცილებლობა – 60%–ზე მეტი, – ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც ბრიტანელი, ავსტრიელი და ესპანელი მეცნიერების ჯგუფმა ევროპის მასშტაბით ჩაატარეს.
კვლევის შედეგების თანახმად, COVID-19–ით ინფიცირებული 582 ბავშვიდან მხოლოდ 4 გარდაიცვალა. 582 კოვიდ–ინფიცირებულიდან 60%–ზე მეტს ჰოსპიტალიზება დასჭირდა, მათ შორის 8%–ს –ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა.
გარდა ამისა, ინფიცირებული ბავშვებიდან 90 ასიმპტომური იყო. დანარჩენ მოზარდებს COVID-19–სთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ. მკვლევარების თქმით, უმეტესობას (65%) ტემპერატურა აღენიშნებოდა, 54%–ს – სასუნთქი გზების ინფექცია, ხოლო 25%–ს – ფილტვების ანთება.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 491 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 716 000–ს გადააჭარბა, 4 252 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 919-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 780 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


