რუსეთში აშშ-ის საელჩომ შენობაზე ლგბტ თანამეგობრობის დროშა გადმოფინა
26/06/2020 11:10:15 მსოფლიო
მოსკოვში აშშ-ის საელჩომ შენობის ფასადზე ლგბტ თანამეგობრობის დროშა გადმოფინა. როგორც დიპლომატიური მისიის შესაბამის ინფორმაციაშია აღნიშნული, ამგვარად მიეგება პატივი ლგბტ თემის სიამაყის დროშას შვიდფერა ალმის დღეს #PrideFlagDay.
მასში განმარტებულია, რომ ეს დროშა ამერიკელი მხატვრისა და აქტივისტის – გილბერტ ბეიქერის მიერაა შექმნილი და პირველად 1978 წლის 25 ივნისს, სან-ფრანცისკოში, Gay Freedom Day-ს აღლუმის დროს აღიმართა.
«ცისარტყელას სიმბოლო კაცობრიობის უძველესი ისტორიიდან იმედის სიმბოლოდ იქნა აღებული», - წერდა ბეიქერი თავის მემუარებში «ცისარტყელას მეომარი» (Rainbow Warrior). ამით მხატვარს სურდა, წარმოეჩინა საკუთარი ხედვა, რომ საზოგადოება მრავალფეროვანია.
“ლგბტ თემის უფლებები ადამიანის უფლებათა ნუსხას განეკუთვნება. ადამიანის უფლებები უნივერსალურია. სიამაყის თვე მოწოდებულია, ყველას შეახსენოს, რომ თითოეული ადამიანი იმსახურებს, სიძულვილისგან, სტერეოტიპებისგან და დევნისგან თავისუფალი ცხოვრებით იცხოვროს” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა საპასუხოდ განაცხადა, რომ “ამერიკის საელჩო კრემლიდან არ ჩანს და დროშას საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა მიაქციოს ყურადღება”.
"არატრადიციული სექსუალური უმცირესობების პროპაგანდის ნებისმიერი გამოვლინება ჩვენს ქვეყანაში კანონით მიუღებელია", - ხაზგასმით აღნიშნა პესკოვმა.
გარკვეული დროის შემდეგ სოცქსელებში რადიკალურმა მართლმადიდებელმა აქტივისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია აშშ-ის საელჩოს შენობიდან დროშის ჩამოხსნის შესახებ.


