ამერიკელი ექიმი: "ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით ყურადღება არ მოადუნოთ, მნიშვნელოვანია ხელების დაბანა"
26/06/2020 09:59:00 მსოფლიო
ამერიკელი ექიმი, ბალტიმორის ჯანდაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლეანა ვენი მოქალაქეებს მოუწოდებს, ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით ყურადღება არ მოადუნონ.
"მართალია Covid-19–ით ინფიცირების რისკი ყველაზე მაღალი ახლო კონტაქტის დროსაა, მაგრამ შესაძლებელია, დაავადება ადამიანს ინფიცირებულ ზედაპირებზე შეხებითაც გადაედოს, ამიტომ ხელების დაბანა ძალიან მნიშვნელოვანია. ჰიგიენური ნორმების დაცვა აუცილებელია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისეთ ზედაპირს ვეხებით, რომელსაც დღის განმავლობაში უამრავი ხალხი ეხება", – განაცხადა ლეანა ვენმა.
პანდემიის გამო სპეციალისტები მოსახლეობას სამი ძირითადი რეკომენდაციით მიმართავენ: დაიცვან სოციალური დისტანცია, დაიბანონ ხელები და ატარონ პირბადე.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 491 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 716 000–ს გადააჭარბა, 4 252 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 919-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 780 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


