ბრიტანელი მეცნიერები – Covid-19–ს შეუძლია, იმ დონეზე დააზიანოს ტვინი, რომ ინსულტი, ფსიქოზი და დემენციის მსგავსი სიმპტომები გამოიწვიოს
26/06/2020 09:15:29 საზოგადოება
Covid-19–ს შეუძლია, იმ დონეზე დააზიანოს ტვინი, რომ ინსულტი, ფსიქოზი და დემენციის მსგავსი სიმპტომები გამოიწვიოს, – ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანელი მეცნიერების უკანასკნელ კვლევაში, რომელიც ჟურნალ „Lancet Psychiatry“–ში გამოქვეყნდა.
მეცნიერების განცხადებით, მათ მიერ ჩატარებული კვლევა, პირველი დეტალური მიმოხილვაა იმისა, თუ რა ნევროლოგიური გართულებები შეიძლება, გამოიწვიოს Covid-19–მა იმ პაციენტებში, რომელთაც კორონავირუსის მწვავე ფორმა აღენიშნებათ. მათივე თქმით, აღნიშნული საკითხი დამატებით კვლევას საჭიროებს, რათა პრობლემის გადაჭრის გზები იპოვონ.
როგორც კვლევის თანაავტორი ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერი ბენედიქტ მაიკლი აცხადებს, დაკვირვება დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ჰოსპიტალიზებულ 125 კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტზე განახორციელეს.
კვლევის შედეგების თანახმად, 125 კრიტიკული პაციენტიდან 77–ში Covid-19–მა ინსულტი გამოიწვია. მათი უმეტესობა 60 წელს გადაცილებული იყო. 125–დან 39–ში ფსიქოზის ნიშნები გამოიკვეთა, ხოლო 9 პაციენტში კი დემენციის მსგავსი სიმპტომები გამოვლინდა.
”ეს არის კვლევის პირველადი შედეგები და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმაზე, თუ რა გავლენას შეუძლია, მოახდინოს Covid-19-მა ჰოსპიტალიზებული ადამიანის ტვინზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბოლომდე შევისწავლოთ ეს საკითხი, რათა სრულყოფილი სურათი გვქონდეს კორონავირუსზე“, – აცხადებს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი სარა პეტი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 491 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 716 000–ს გადააჭარბა, 4 252 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 919-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 780 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


