რა ვერსიებზე მუშაობს განათლების სამინისტრო ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით
25/06/2020 14:41:13 საზოგადოება
განათლების მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის ცნობით, სამინისტროს მიზანია, მოსწავლეები დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს, თუმცა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე: იქნება შერეული მოდელი, თუ სრულად განახლდება საგაკვეთილო პროცესი.
როგორც ეკა დგებუაძემ აღნიშნა, უწყება ემზადება, რომ 15 სექტემბერს დაიწყოს ახალი სასწავლო წელი:
„სწორედ ახლა ვართ პროცესში, როდესაც ვგეგმავთ, რა ფორმით შევთავაზებთ მოსწავლეებს განათლებას. მაგრამ ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, მოსწავლეები დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს და საკლასო ოთახში განახლდეს სასწავლო პროცესში“.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ უფროსკლასელთათვის ახალი სასწავლო წელი კვლავ ონლაინ–რეჟიმში განახლდეს, მინისტრის მოადგილე პასუხობს: „ვერსია ძალიან ბევრია და ყველა სიტუაციიდან გამომდინარე უნდა ვიყოთ მზად, რომ განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ. ეს იქნება შერეული მოდელი, თუ საგაკვეთილო პროცესი მთლიანად საკლასო ოთახში წარიმართება, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. ამ საკითხზე უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ბრიფინგის გამართვას და მივაწვდით ინფორმაციას იმ რეგულაციებზე, რასაც შევთავაზებთ ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. ეს არის პროცესი, როდესაც განათლების სამინისტრო დამოუკიდებლად არ ვმუშაობთ. ამ პროცესში ჩართულები არიან სკოლის ადმინისტრაცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჯანდაცვის სამინისტრო, როგორ დაიწყოს ახალი სასწავლო წელი“.


