ომბუდსმენი – კალაძის ინიციატივაზე: "მრჩება შთაბეჭდილება, რომ მიზანი კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებაა"
25/06/2020 12:25:18 პოლიტიკა
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ყველამ ერთად უნდა იბრძოლოს, თუმცა მერიის მიერ დაანონსებული პროექტის ბანერი მას უტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რეალური მიზანი კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებააა და არა ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლა.
ომბუდსმენის მიერ ხსენებულ ბანერზე ასახულია სამი ტელევიზია: „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“.
„არ ვიცი, მერი რა განცხადების გაკეთებას აპირებს, მაგრამ ეს ბანერი მიჩენს შთაბეჭდილებას, რომ რეალურად მიზანია კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება და არა ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლა, რომელიც გვხვდება ძალიან ბევრ მედიასაშუალებაში, რომელზეც ის ალბათ აქცენტს არ გააკეთებს, მათ შორის ონლაინ მედიასაშუალებებში და სოციალურ ქსელებში.
სამწუხაროდ, არაერთი მედიასაშუალება დღეს ძალიან ბევრ მედიათეკის სტანდარტს არღვევს. ამიტომ კონკრეტულ მედიასაშუალებებზე აქცენტების გაკეთება იმის შთაბეჭდილებას მიჩენს, რომ მისი მიზანი კონკრეტული ტელევიზიების დისკრედიტირება, თუ მათ მიმართ გარკვეული უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა და არა ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა“,- განაცხადა ლომჯარიამ.
ცნობისთვის: როგორც დაანონსდა, თბილისის მერია დეზინფორმაციის წინააღმდეგ პროექტს იწყებს. კალაძის თქმით, საზოგადოებას მიაწვდიან „სწორ ინფორმაციას იმ სიცრუეზე, რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის და პირადად მისი მისამართით ისმის“.


