"აშშ მაშინ იქნება კმაყოფილი, როცა ნატო–ს ბიუჯეტში ყველა წევრი სამართლიან შენატანს გააკეთებს"
24/06/2020 20:06:45 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, "ვაშინგტონი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება კმაყოფილი, თუ ნატო–ს ბიუჯეტში ალიანსის ყველა წევრი სამართლიან შენატანს გააკეთებს".
ამის შესახებ ტრამპმა პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ალიანსის მხოლოდ 9 წევრმა, მათ შორის აშშ– მა გაზარდა თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტამდე.
ცოტა ხნის წინ ტრამპმა გერმანია თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გერმანიაში განთავსებული ამერკელი სამხედროების რაოდენობის 25 000-მდე შემცირებას გეგმავს.
"ჩვენ ვიცავთ გერმანიას, ის კი არასწორად იქცევა ნატო–ში შენატანთან დაკავშირებით. ასე, რომ ვგეგმავთ, 25 000-მდე შევამციროთ გერმანიაში განთავსებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობა. ალიანსის წევრები აღარ უნდა ეყრდნობოდნენ ასე მძიმედ აშშ–ს თანხებს ნატო–ს შესანარჩუნებლად. აშშ–ის კონტინგენტის განთავსებით გერმანია ფინანსურ სარგებელსაც იღებს, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ფულს ამ ქვეყანაში ხარჯავენ", – განაცხადა ტრამპმა თეთრს სახლში გამართულ ბრიფინგზე.
რიგი ამერკელი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ თუ ვაშინგტონი გერმანიაში კონტინგენტს შეამცირებს, აღნიშნული ნაბიჯი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს დააზიანებს, ხოლო ევროპაში რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს.
ამ დროისთვის გერმანიაში 34 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული.
ცნობისთვის: 2014 წელს ვარშავის სამიტზე, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ჩატარდა, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტამდე უნდა გაზარდონ.


