Accentnews.ge
"საყდრისის კომიტეტი": "ანანური საფრთხეშია!"

"საყდრისის კომიტეტი": "ანანური საფრთხეშია!"

24/06/2020 10:49:15 საზოგადოება

„ანანური საფრთხეშია!“, - იუწყება „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და შეშფოთებას გამოხატავს სამონასტრო კომპლექსში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო.

ორგანიზაციის განცხადებით, მათ ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში გაავრცელეს ვიდეოკადრები, რომელზეც ნათლად იყო ასახული, როგორ აზიანებდა ტურისტების უკონტროლო გადაადგილება კომპლექსის ისედაც ჩამოშლილ გალავანსა და ქონგურებს.

2019 წლის შემოდგომაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსის დაზიანებული ნაწილები შეფუთა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ ადგილზე ჩასულ აქტივისტებს ვითარება ისევ რთული დახვდათ:

„ამკრძალავი ბარიერები ერთხანს ნამდვილად აკავებდნენ ტურისტებს, თუმცა, შემდგომ გახშირდა ამ ბარიერების გარღვევის ან შემოხევის ფაქტები და ძეგლის დამთვალიერებელთა უკონტროლო გადაადგილებაც განახლდა, განსაკუთრებით კოშკებში.

კვლავ მძიმე მდგომარეობაა ღვთაების ტაძარში, სადაც მიწიდან ამოსული წყალი მუდმივად მოედინება ტაძრის ძველ იატაკზე, რის გამოც ტაძარში მუდმივად იგრძნობა ნესტი, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ისედაც დაზიანებულ უნიკალურ ფრესკებს.

ტაძარში საფლავთან სვეტს, სადაც ძველი ქართული ტექსტია ამოტვიფრული, ორ ადგილას აკლია ქვები. სამწუხაროდ, არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია ქვები სპეციალურად არის ამოღებული თუ დაზიანების გამო ჩამოიყარა. მონასტერში არ იციან სად წავიდა სვეტის ქვები, როგორც ადგილზე შევიტყვეთ სავარაუდოდ ჩანგრეული უნდა იყოს „შეუპოვარის“ (კოშკი) ხის ძელებიც“, - წერია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საყდრისის კომიტეტი წერს, რომ უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელსაც ანანურის სამონასტრო კომპლექსში ვითარების გამოსწორების სამოქმედო გეგმა უნდა დაესახა, პირველი შეხვედრის შემდეგ აღარ შეკრებილა.

ისინი მოუწოდებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ასევე მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დროულად მიიღონ ზომები კომპლექსში კონტროლის გაძლიერებისთვის და დაიწყონ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაანონსებული ანანურის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S