ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი მოქალაქეებს ცოფის შესახებ აფრთხილებს
24/06/2020 09:50:52 საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, თბილისში ცოფის ვირუსის გამოვლენის ბოლო ორი შემთხვევიდან, არც ერთი ცხოველი ცოფზე აცრილი არ იყო.
მისივე ინფორმაციით, წელს თბილისში ჯამში ცოფის ოთხი შემთხვევა დადასტურდა.
ლომჯარია მოსახლეობას სიმშვიდესკენ მოუწოდებს, თუმცა სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს.
„მინდა, მოსახლეობა დავამშვიდო – კატასტროფული მატება [ცოფის] არ არის და რაიმე განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ ჩვენ გვყავს სახლში ცხოველები, აცრებისგან თავი უნდა შევიკავოთ. პირიქით, უნდა მოვინიშნოთ კალენდარში [აცრების თარიღი] და ყოველ წელს გავიმეოროთ.
მინდა, პატრონები გავაფრთიხილო, რომ ისინი არ არიან დაზღვეული, თუ ცხოველებს არ აცრიან“, – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.
რაც შეეხება ქუჩის ცხოველებს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი ყველა ამხანაგობის თავმჯდომარეს სთხოვს, გააკონტროლოს კალენდარი, როდის იყო აცრილი ცხოველი:
„ბოლო წლებში რადიკალურადაა შემცირებული ცოფის ფაქტები: საქართველოში ცოფით 10-ზე მეტი ადამიანი იღუპებოდა, შემდეგ ეს რიცხვი ხუთამდე ჩამოვიდა, სამი წლის განმავლობაში კი მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. როგორც წესი, ცოფის გავრცელებასთან დაკავშირებით სეზონს არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანები, რომლებიც მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ცოფი არც თუ ისე საშიში დაავადებაა, ასეთი უცოდინრობა დამღუპველია.
ცოფის ადამიანზე გადაცემის 99% ძაღლიდანაა, 40% მსხვერპლი ბავშვია. ამდენად, მოვუწოდებ მოსახლეობას, დაკბენის, დაკაწვრის, დადორბვლის შემთხვევაში, მიმართონ სპეციალისტებს“.


