საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის პარარელურად პარლამენტთან გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
23/06/2020 08:37:36 საზოგადოება
საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის პარარელურად პარლამენტთან გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან რურუას მხარდამჭერები ცოტა ხნის წინ შეიკრიბნენ. ისინი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
„ჩვენი აუცილებელი მოთხოვნაა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს დაუყივნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და ჩვენ ვაანონსებთ, რომ დავიწყებთ პერმანენტულ აქციებს“,- აცხადებს აქციის ერთ–ერთი მონაწილე ლევან მერაბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით ედავებიან, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს. რურუა წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას იარაღი სამართალდამცველებმა ჩაუდეს.
დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრიან კენჭს, 21 ივნისს კი საქართველოს პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ დოკუმენტი პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ "ევროპული საქართველოს" დეპუტატებიც, რომლებიც მანამდე ამ პროცესში ჩართვაზე გიორგი რურუას გათავისუფლებამდე უარს აცხადებდნენ. კენჭისყრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის მიღება "ევროპული საქართველოს" გარეშეც შესაძლებელი იყო. ოპოზიციურ პარტიაში კი აცხადებენ, რომ მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუ რურუას არ გაათავისუფლებენ.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ რურუას გათავისუფლება 8 მარტს ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო, მმართველი პარტია კი ამას უარყოფს.


