„ჩვენი თვალების ამოთხრით რომელი შტურმი აარიდეს პარლამენტს?“
20/06/2020 16:41:05 საზოგადოება
მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის მოვლენების დროს თვალი დაკარგა, ამბობს, რომ კითხვაზე, რატომ დაასახიჩრეს, პასუხი არ მიუღია და დროთა განმავლობაში ეს კითხვები იმატებს.
„კითხვაზე, რატომ? პასუხი ერთი წლის მანძილზე ვერ მივიღე... იმის თქმასაც ბედავენ, რომ არ ახსოვთ, რა მოხდა და ჩვენი თვალები მეორეხარისხოვანია.
ჩვენი თვალების ამოთხრით რომელი შტურმი აარიდეს პარლამენტს? ბევრი კითხვაა, კითხვები მატულობს, მაგრამ იმედი მაქვს, თქვენთან ერთად, ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ“,– განაცხადა გომურმა რუსთაველზე სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებულ აქციაზე.
ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა „სირცხვილიაა“.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა რუსი დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქცია მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.
ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. ორმა მოქალაქემ, მათ შორის მაკო გომურმა თვალი დაკარგა. ისინი დაზარალებულებად თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს.
საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და იმჟამინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იყო.
3 სექტემბერს „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.


