"დღეს უნდა შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ მათ 20 ივნისის ღამე არ შერჩებათ"
20/06/2020 16:46:00 საზოგადოება
"დღეს უნდა შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ მათ 20 ივნისის ღამე არ შერჩებათ",– ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.
„20 ივნისის მოვლენებამდე 1,6 თვის განმავლობაში ვიდექი რუსთაველზე შუბლში ტყვიით დახვრეტილი ჩემი შვილის გამო. 20 ივნისის ღამის მონაწილეც გავხდი, ბავშვებს თვალები დასთხარეს. სისხლი დაღვარეს. ახალგაზრდობა სისხლში აცურავეს. დღეს უნდა შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ მათ ის ღამე არ შერჩებათ. ყველა აგებს პასუხს, იმ სასტიკ ღამეზეა პასუხისმგებელი. ეს ასე უნდა იყოს და ასეც მოხდება. ხელისუფლებამ ზუსტად იმ ღამით გამოიტანა განაჩენი თავის თავზე. ამ განაჩენს ჩვენ დავუწერთ ოქტომბერში. და ბოლოს, ჩემი დიდი თხოვნა იქნება გაერთიანებული ოპოზიციისა და საზოგადოებისადმი, ვიყოთ ერთიანები და ერთიანი ძალებით დავუპირისპირდეთ ამ მონსტრს, რომელიც დღეს სათავეში გვიზის. მაშინ მართლა გავიმარჯვებთ თუ ერთიანები ვიქნებით, ერთმანეთს ნუ დავუწყებთ ქილიკობას და კბენას . ავი და ცუდი აშოროს ღმერთმა ამ ქვეყანას, მაგრამ მე ჩემი სახლით პირველი მებრძოლი ვიქნები საქართველოსთვის ყოველთვის. გამარჯვებას და ღირსებას გისურვებთ! ღირსებას, რომელიც არ გააჩნია „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა „სირცხვილიაა“.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა რუსი დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქცია მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.
ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. ორმა მოქალაქემ, მათ შორის მაკო გომურმა თვალი დაკარგა. ისინი დაზარალებულებად თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს.
საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და იმჟამინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იყო.
3 სექტემბერს „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.


