Accentnews.ge
რურუას მეუღლე: "აუცილებლად გავთავისუფლდებით ოკუპაციისგან და გიორგიც თავისუფალი იქნება"

რურუას მეუღლე: "აუცილებლად გავთავისუფლდებით ოკუპაციისგან და გიორგიც თავისუფალი იქნება"

20/06/2020 15:54:17 საზოგადოება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას გიორგი რურუას მეუღლე სოფო სიხარულიძეც შეუერთდა.

სიხარულიძის თქმით, 20 ივნისი არის ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა, რომელიც იქამდე გაგრძელდება, სანამ ოკუპაცია არ დასრულდება.

„აქ მოვედი, რომ გავაპროტესტო ოკუპაცია. მარტო ვარ და გიორგი ჩემთან ერთად დღეს არ არის. მისი პატიმრობის მიზეზი არის ანტისაოკუპაციო აქციები, მისი აქტიურობა და მონაწილეობა ამ აქციებში. აქციას შარშან, 22 ივნისს შემოვუერთდით. ის კადრები ვნახეთ ტელევიზიით და რეაქცია იყო ისეთივე, როგორც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ჰქონდა. ჩამოვედით თბილისში და შემოვუერთდით აქციებს. მგონია, რომ ბრძოლა ისევ გრძელდება და ის გაგრძელდება ოკუპაციის დასრულებამდე. მჯერა, რომ აუცილებლად გავთავისუფლდებით ოკუპაციისგან და გიორგიც თავისუფალი იქნება“,- აღნიშნა სიხარულიძემ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა „სირცხვილიაა“.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა რუსი დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქცია მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. ორმა მოქალაქემ, მათ შორის მაკო გომურმა თვალი დაკარგა. ისინი დაზარალებულებად თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და იმჟამინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S