20 ივნისს დაზარალებული: „თვალი გაგვისწორონ და თქვან, რომ შეცდნენ!“
20/06/2020 15:25:59 საზოგადოება
გასული წლის 20 ივნისს დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლისას დაზარალებული გიორგი სულაშვილი, რომელიც მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადის, ამბობს, რომ ამაყობს გამოხატული პროტესტით.
„უკან რომ დაბრუნდეს დრო, ისევ აქ ვიქნებოდი. არც ერთ წამს არ ვნანობ. ვამაყობ, რომ უამრავი ახალგაზრდა იდგა აქ და მეც მათ რიგებში ვიყავი. დღესაც ბევი ახალგაზრდაა გამოსული“,– აღნიშნა სულაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებიდან აც ერთ დაზარალებულს დაკავშირებიან:
„არავინ დაინტერესებულა ჩვენი ცხოვრებით, როგორ ვართ. როდესაც შეგვხვდებიან, თვალი გაგვისწორონ და თქვან, რომ შეცდნენ“.
რაც შეეხება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომუნისტი დეპუტატის მოთხოვნას ბოდიშის მოხდის თაობაზე, სულაშვილი ამბობს, „ვისაც უნდა, მოუხადოს ბოდიში, მაგრამ ქართველი ხალხი ამას არ გააკეთებს“.
ცნობისთვის: თბილისში, რუსთავზე დემონსტრანტები იკრიბებიან. აქციაა დაგეგმილი საქართველოს კიდევ ერთ დიდ ქალაქში – ქუთაისში.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა რუსი დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქცია მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.
ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. ორმა მოქალაქემ, მათ შორის მაკო გომურმა თვალი დაკარგა. ისინი დაზარალებულებად თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს.
საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და იმჟამინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იყო.
3 სექტემბერს „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.


