მაკო გომური: "რა თანაგრძნობაზეა საუბარი, როდესაც პრემიერი იძახის, რომ რაღაცები დროთა განმავლობაში ავიწყდება"
19/06/2020 18:22:41 საზოგადოება
20 ივნისის აქციის დაზარალებული მაკო გომური აცხადებს, რომ "მმართველი პარტიის პოლიტიკოსების მხრიდან თანაგრძნობა არ უგრძვნია".
„რა თანაგრძნობაზეა საუბარი, როდესაც პრემიერი იძახის, რომ რაღაცები დროთა განმავლობაში ავიწყდება და რაღაცები დროთა განმავლობაში არ ახსოვს. რაც შეეხება მმართველი პარტიიდან სხვა პოლიტიკოსებს, არანაირი თანაგრძნობა არ გამოუხატავთ ჩვენთვის, პირადად ჩემთვის და სხვებისთვისაც, ვინც ვიცი. ამას პლუს ემატება, რომ ჩვენ სამი ადამიანის გარდა, კიდევ 30 ადამიანი ითხოვს, რომ მიეცეთ დაზარალებულის სტატუსი. ამის თხოვნა რომ გვიწევს დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ყველამ დაინახა რა მოხდა, როგორ ძალადობდნენ ხალხზე, სადაც ადამიანები არაფერს აშავებდნენ, უბრალოდ, აპროტესტდებდნენ მშვიდობიანად იმას, რაც აუცილებლად უნდა გაეპროტესტებინათ. საპასუხოდ მიიღეს თვალების ამოთხრა, სხეულების დასახიჩრება, ტყვიები, რომელთაც ცხოველებზე იყენებდნენ - გამოიყენეს თავიანთი მოქალაქეების წინააღმდეგ. რომელ თანაგრძნობაზეა საუბარი ამ ყველაფრის მერე“, - განაცხადა გომურმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
ცნობისთვის: 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა რუსი დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქცია მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.
ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. ორმა მოქალაქემ, მათ შორის მაკო გომურმა თვალი დაკარგა. ისინი დაზარალებულებად თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს.
საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და იმჟამინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იყო.
3 სექტემბერს „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.


